logo
ENG



სუს-ი: სასამართლოს განჩინებით, "მთავარმა არხმა" სიუჟეტის დაუმონტაჟებელი მასალა უნდა მოგვცეს

02 ივლ 202013:20
3 წუთის საკითხავი
 
vy2yrdvhwrzb1rm.jpg

სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება "მთავარი არხისგან" სატელევიზიო სიუჟეტის სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე. ხსენებულ სიუჟეტს სუს-ი საბოტაჟის მუხლით იძიებს.

განჩინება არხის ხელმძღვანელობას დღეს ჩაბარდება.

სუს-ი ირწმუნება, რომ ხსენებული სიუჟეტი განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე იყო აგებული და მაყურებელს აუწყებდა  ყალბ ამბავს, თითქოს მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით.

"დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით მიზნად ისახავენ სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური სამსახურების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას", - წერს უწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე გამოძიება 2020 წლის 16 მარტს დაიწყო, "უწყებაში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები, მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა (მათ შორის, ელექტრონული) საშუალების გამოყენებით, აქტიურად ცდილობდნენ ყალბი ამბების გავრცელების გზით მოსახლეობის დეზინფორმირებას ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების და მასთან ბრძოლის ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გამოეწვიათ მათში უნდობლობა, პანიკა და ქაოსი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლას".

სუს-ის თქმით, "სიუჟეტში გადმოცემული ყალბი ამბების ფართოდ გავრცელების მიზნით, სიუჟეტს, სოციალური ქსელების და სატელევიზიო კომენტარების საშუალებით, ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და შეეცადნენ, ცრუ ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის მიცემას".

უწყება აღნიშნავს, რომ გამოკითხეს რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპონდენტი.

"დაკითხვების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ უსწორო თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ.

ამ გარემოებას დამატებით ადასტურებს, 2020 წლის 26 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს, მოქალაქე ა.გ.-ს (არკინაზ გულიევა) ტიტრებით გასული დაუმონტაჟებელი ინტერვიუ, რომლის შინაარსი დიამეტრალურად განსხვავდება 2020 წლის 21 ივნისს „შაბათის მთავარში“ გასული თარგმანისგან", - წერს სუს-ი.

უწყების განცხადება სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მთავარი არხის ხელმძღვანელობა სუს-ის გამოძიებას არხის დისკრედიტაციის სურვილით ხსნის. 

უწყებამ ამ საქმეზე რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძეც გამოკითხა. მათ სიუჟეტში გაშუქებული თემის შესახებ Facebook-ის პირად გვერდებზე დაწერეს.


close დახურვა